“დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა. უკვე განსაზღვრულია სპეციალური ტრანსფერის ოდენობაც, რომელსაც მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან მიიღებს. ჯამში ეს თანხა 225 მლნ
ლარს შეადგენს. ამის გათვალისწინებით, თბილისის მერია საკრებულოში მილიარდ 50 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს”, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა და ცენტრალურ ხელისუფლებას, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მლნ ლარი, რომელსაც 2021 წლის იანვარში კიდევ 50 მლნ ლარი დაემატება. საბოლოოდ, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 100 მილიონზე მეტი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს დედაქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.











