“მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ გადაწყვეტილება იქნება პირველ რიგში ნიკა მელიასგან კანონმორჩილი და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ნიკა მელიასათვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
სერგეენკოს თქმით, კანონი უზენაესია და ის ყველას შემთხვევაში უნდა აღსრულდეს.
“საბოლოოდ ჩამოვყალიბდით იმ პოზიციაზე, რომ შეჩერებული იქნება, რამ მიგვიყვანა აქამდე – რამდენიმე ფაქტორმა, კერძოდ, კანონი უნდა იყოს დაცული ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ადამიანი თვლიდეს, რომ მის მიმართ უსართლოდ იყო გადაწყვეტილება მიღებული. კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს. მე სპეციალურად დავინტერესდი რამდენი ადამიანი ატარებს საქართველოში იგივე სამაჯურს სხვადასხვა მიზეზების გამო და ასეთი აღმოჩნდა 400-მდე ადამიანი, ძალიან რთული იქნება მათთვის ასახსნელად, რატომ მოვიქეცით ერთ შემთხვევაში პოლიტიკოსთან მიმართებაში სხვანაირად და არაპოლიტიკოსთან მიმართებაში სხვანაირად. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ გადაწყვეტილება იქნება პირველ რიგში ნიკა მელიასგან კანონმორჩილი და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული,”- აღნიშნა მან.










