საარჩევნო უბანზე არსებული ვითარება საზეიმო განწყობას მიქმნის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც არჩევნების მიმდინარეობას გაეცნო.
„2020 არჩევნების დღე, დიდი დღეა. ბევრი ადამიანის მსგავსად, დღეს დიდი სამუშაო დღე მექნება. ყველა დემოკრატიისთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამომრჩეველი ხმას აძლევს იმას, ვინც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მართოს ეს ქვეყანა. საარჩევნო უბანზე არსებული ვითარება საზეიმო განწყობას მიქმნის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვიმედოვნებთ, არჩევნები ისევე კარგად ჩაივლის, როგორიც დღეს ამინდია. არის სასიამოვნო ამინდი და არც ისე სიცხეა და არც სიცივე. სხვა უბნებსაც ვესტუმრები და ასევე, შევხვდები ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შეხვედრა იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან და სხვებთან. ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი მისცემს ხმას ნებისმიერი რისკის გარეშე, რაც დაკავშირებულია კოვიდსიტუაციასთან და ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ჰარცელის თქმით, საარჩევნო უბანზე ინფორმაციის შესაგროვებლად მივიდა.
„ჩვენ გვყავს ევროკავშირის 70 დიპლომატიური სადამკვირვებლო ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც უფრო ყოვლისმომცველ ინფორმაციას შეაგროვებენ. ჩვენ ამას ვაკეთებთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისიის დასახმარებლად, რათა გვქონდეს სრული შეფასება. ODIHR-ის მისია შეფასებას ხვალ გააკეთებს. შთამბეჭდავია, რომ ამდენი ხალხი უკვე გამოსულია ხმის მისაცემად. ვიმედოვნებთ, ხმის მიცემის პროცესი იქნება თავისუფალი და არ იქნება დაშინება, ძალადობა. ესაა ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა“,- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.










