ე.წ კარტოგრაფების საქმის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა, სადაც წერია, რომ რუქები არ ვარგა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ძმამ, ირაკლი უგულავამ ჩაატარა. ამის შესახებ „აიპრესი“ წერს.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმეში ნამდვილად დევს უგულავას მიერ ჩატარებული დასკვნა. თუმცა, არა როგორ კერძო ორგანიზაციის წარმომადგენელი, არამედ როგორც ფიზიკური პირი, დასკვნას ხელს ისე აწერს.
ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილს( 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი) და 2007 წელს დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ბრალი საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისთვის წაუყენა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
განცხადებაში ნათქვამია: “თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.”
მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი არ ფიგურირებს, ვრცელდება ინფორმაცია რომ დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.
მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა.
მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მისი თქმით, „წამოცდენა იყო თუ რა იყო, 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს“.











