ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დაუდგენელი მიზეზით, ბოტსვანაში 350-ზე მეტი სპილო მოკვდა. ბუნების დამცველებმა ამას უკვე უწოდეს კატასტროფა – წერს The Guardian.
ეს პროცესი მარტის დასაწისიდან მდინარე ოკვანგოს დელტაში შენიშნეს. მაისში, როცა დელტა ვერტმფერნიდან დაათვალიერეს, უკვე 169 მკვდარი სპილო დაიტვალეს. განმეორებითი ფრენისას, ეს რიცხვი უკვე 350-მდე იყო გაზრდილი.
ეს უპრეცედენტო რაოდენობაა იმ დროისთვის, როცა ძლიერი სიცხეები ჯერ არ დაწყებულა – განუმარტა BBC-ის National Park Rescue-ის დირექტორმა ნაილ მაკანმა. იხოცება ორივე სქესის და ყველანაირი ასაკის სპილო. ცოცხლად დარჩენილები კი ძალიან სუსტად გამოიყურებიან. ეს კი მიუთითებს, რომ მათი სიკვდილიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.
სპილოების მასობრივი სიკვდილიანობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ისინი ზიმბაბველ ბრაკონიერებს შეეძლოთ ციანიდით მოეწამლათ. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვდარ სპილოებს არ ჰქონდათ დაცლილი შუანები, რაზეც ბრაკონიერები ნადირობენ.
სხვა ვერსიით, ცხოველები შესაძლოა ციმბირული წყლულით დაიხოცნენ. ამ მიზეზით ბოტსვანაში გასულ წელს 100-ზე მეტი სპილო მოკვდა, მაგრამ ეს ვერსია უკვე უარყოფილია.
გაჟღერდა კიდევ ერთი ვერსია – სპილოები შესაძლოა კორონავირუსით დაიხოცნენ. თუმცა ამას ყველაზე ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევენ.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ცხოველებს რაღაც სხვა დაავადება შეეყარათ, ან რაღაცით მოიწამლნენ.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სპილოები ერთმანეთის მიყოლებით წრეზე მოძრაობენ. მაკანის განმარტებით ეს შეიძლება რამე ნევროლოგიურ დარღვევაზე მიუთითებდეს.
„თუ დავაკვირდებით მკვდარ სპილოებს, ზოგიერთი მიწაზე სახით ქვემოთ წევს. ეს ნიშნავს, რომ მათი სიკვდილი ძალიან სწრაფად დადგა. სხვები კი, რომლებიც წრეზე მოძრაობენ, უფრო ნელა კვდებიან. ამიტომაც რთულია თქმა რა სახის ტოქსინთან გვაქვს საქმე“ – განუმარტა The Guardian-ს ნაიკ მაკანმა.
ის არ გამორიცხავს, რომ ავადმყოფობა (თუ ეს არის მიზეზი) საშიში იყოს ადამიანებისთვის და აღშფოთებას გამოხატავს ბოტსვანას ხელისუფლების მიმართაც, რომლებსაც ამ დრომდე არ დაუდგენიათ სპილოების სიკვდილის მიზეზი.
ბოტსვანას ველური ბუნების და ნაციონალური პარკების დეპარტამენტის დირექტორის, სირილ ტაოლოს განცხადებით, უწყება სპეციალისტების ინფორმაციებს ამუშავებს და უკვე დაადასტურეს 350-დან 280 სპილოს სიკვდილი. ამასთან ექსპერტიზაზე გადაგზავნილია ნიმუშები და შედეგებს უახლოეს კვირებში ელოდებიან. ტაოლოს განმარტებით, ექსპერტიზის შედეგების შეფერხება კორონავირუსის პანდემიასთან არის დაკავშირებული.
ბოტსვანაში ყველაზე მეტი სპილო ბინადრობს მსოფლიო მასშტაბით – დაახლოებით 130 ათასი. მათგან 15 ათასი სწორედ ოკვანგოს დელტაში იმყოფება.
სპილოებზე ნადირობა ქვეყანაში 2014 წელს აიკრძალა, მაგრამ 2019 წელს ეს აკრძალვა მოიხსნა, ვინაიდან მათ ნათესების განადგურება დაიწყეს და მოსახლეობასაც ესხმოდნენ თავს.
2020 წელს სპილოებზე ნადირობა კვოტირებული გახდა – დაიშვა მხოლოდ 272 სპილოს მოკვლა. პირველი ლიცენზიები 40 ათას დოლარად გაიყიდა.
ნადირობის სეზონი, რომელიც აპრილში უნდა დაწყებულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.











