ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ 60 წლის ზევით კოვიდინფიცირებულებში ლეტალობა განსაკუთრებით მაღალია
მისი თქმით, აცრების კომპონენტში კვლავ ახალგაზრდები ლიდერობენ, ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა კი დაბალია.
„კაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ხოლო ქალებში – 80-90 წელი. აცრების კომპონენტში ლიდერობენ ახალგაზრდები. კვლავ დაბალი გვაქვს ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა. მიგვაჩნია, რომ თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება ადეკვატურად და არ მივყვებით გასულ წელს დადგენილ ვაქცინაციის კალენდარს, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. ეს კალენდარი განსაზღვრული იყო საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რომ მნიშვნელოვანია ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია.
გავუფრთხილდეთ ჩვენს ასაკოვან მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ოჯახის წევრებს, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, 3 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 86 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებლი კი 8.34%-ია.











