დაიწყეთ ეკლესიაში სიარული და ღვთის მადლით, საქართველო გადარჩა. კარგი იქნებოდა, მსოფლიოც გადარჩენოდა ამას, მაგრამ ვინც როგორ იქცევა, ისე იღებს, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დღეს, სოფელ ჯუგაანში ძელიცხოვლის სახელობის ტაძარში, საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე იაკობმა წირვაზე კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ადამიანთა გაღმერთება და გაკერპება არასდროს არ გამოვა.
„ხან გვალვა იქნება ხან სეტყვა იქნება, ომიანობასაც არ შევუშინებივართ ჩვენ და ამიტომ ცოტა ძლიერად უნდა ვიყოთ. თუ უფრო დიდი განსაცდელი მოვიდა, ადამიანები ვართ, გონიერი არსებები ვართ და კურდღლებივით არ უნდა გავრბოდეთ შიშისაგან სადღაც. თუ არა ღმერთთან სად უნდა მივიდეთ.
იმდენი იძახეს ეკლესიაზე ძვირი მთელ მსოფლიოში, ხედავთ რაც მოხდა. დაიწყეთ ეკლესიაში სიარული და ღვთის მადლით, საქართველო გადარჩა. კარგი იქნებოდა, მსოფლიოც გადარჩენოდა ამას, მაგრამ ვინც როგორ იქცევა, ისე იღებს. ბედნიერი ერი ვართ, რომ მთლიანად სახელმწიფომ, ყველა ადამიანმა დედა ეკლესიის წინამძღოლობით, ეს გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ და მსოფლიოში საჩვენებელი ადამიანები გავხდით. თორემ, ჩვენ ექიმებზე ბევრად ძლიერი ექიმები არ არიან საზღვარგარეთ? თუ არა ღმერთი, ვერავინ დაგიფარავს. ყველა ვართ ღვთის კურთხევის ქვეშ – ექიმებიც, სხვებიც.
თუ მოგვიწოდებენ, რომ ღმერთს არ მიმართოთ და ეკლესიაში არ მიხვიდეთო, ისინი პირდაპირ შაჰ აბასის შთამომავლები არიან, არ არიან ქართველები. მკაცრად ვამბობ, მაგრამ აწი რომ გააკეთონ, მკაცრად დავუპირისპირდები ნებისმიერს. ერთხელ დავიბადეთ და ერთხელ მოვკვდებით. ამიტომ, ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ღმერთთან რომ მივალთ, შერცხვენილები არ ვიყოთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.











