ბათუმში მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის სარდაფში განთავსებულ თონეში „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლების მიერ ბუნებრივი აირის გათიშვის მცდელობას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საცხობში ბუნებრივი აირის გათიშვას თონეს მეპატრონე და კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს.
“სოკარ ჯორჯიას” წარმომადგენლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
თონეს მეპატრონე მანანა კვირკველიას განცხადებით, საცხობი ექვსი წელია ფუნქციონირებს და „სოკარის“ ნებართვაც აქვს. ის კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
როგორც პრაიმტაიმს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალური ოფისის ბათუმის ცენტრის მენეჯერმა ანტონ ბარამიძემ უთხრა, საცხობში ბუნებრივი აირი კანონდარღვევითაა შეყვანილი, ვინაიდან ბუნებრივი აირის შეყვანაზე ნებართვა გაცემულია საცხოვრებელ ბინაში, თონე კი სარდაფშია განთავსებული. ეს კი კორპუსში მცხოვრებ 21 ოჯახს საფრთხეს უქმნის.
„მელიქიშვილის 6 ნომერში, ბინა 15-ში გაზიფიცირებაზე გაცემულია ნებართვა. თუმცა მეპატრონეს სარდაფში განთავსებულ თონეში ყავს შეყვანილი ბუნებრივი აირი. ეს კი კანონდარღვევაა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყოს სარდაფში თონე, მითუმეტეს საცხოვრებელ კორპუსში. უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია, კანონით აკრძალულია საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში თონეს განთავსება. ვერ გავთიშეთ ბუნებრივი აირი დღეს, რადგან გვიწევს წინააღმდეგობას მეპატრონე.
პოლიცია გამოვიძახეთ. ჩვენი იურისტი ახლა იმყოფება პოლიციის განყოფილებაში და აძლევს ჩვენებას. ვიმოქმედებთ სამართლებრივად. ჩვენთვის მთავარი მოქალაქეების უსაფრთხოებაა. ჩვენ მას შევთავაზეთ ან სხვა ადგილას გადაეტანა თონე ან ელექტროენერგიაზე გადაეყვანა, მაგრამ უარი მივიღეთ. ამიტომ იძულებული ვართ სამართლებრივად ვიმოქმედოთ და გავუთიშოთ ბუნებრივი აირი“ – განაცხადა ანტონ ბარამიძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე










