ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ცდილობენ აჭარის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან წარწერები გააკეთონ „რუსეთი ოკუპანტია“, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბონდო თედორაძე აცხადებს, შესასვლელთან ამ წარწერის გაკეთება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აჭარის მთავრობის სახლში ნებისმიერმა შემსვლელმა დაინახოს.
სამართალდამცველები მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, რომ დატოვონ ტერიტორია , სადაც პოლიციელების კორდონია და ნებისმიერ სხვა ადგილას გააკეთონ წარწერები.
სამართალდამცველების მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციული შენობის მთელ პერიმეტრზე ცდილობენ წარწერების გაკეთებას.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე

ავტორი: ნაირა ქობულაძე











