გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქციის გამართვა და ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს. თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ, მათ, ამის შესაძლებლობა არ მისცა.
ბაზრის თანამშრომლების პროტესტი, მესაკუთრის მიერ, ჯიხურების ნგრევას მოჰყვა.
მოვაჭრეების ინფორმაციით, ბაზრის მეპატრონე, ახალი ჯიხურების მშენებლობას და 500 ლარიანი ქირის დაწესებას აპირებს.
„მან ღამით, ქურდულად დაანგრია ჯიხურები, გვიხერგავს გზას, არ გვაძლევს მუშაობის საშუალებას. ვიცით, რომ აპირებს 500 ლარიანი ქირის დაწესებას, რასაც ჩვენ ვერ გადავიხდით. ვითხოვთ შეაჩეროს ეს პროცესი და მოგვცეს საშუალება ვიმუშაოთ. თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, ჩვენ არ გავჩერდებით,“- განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, ლია ქართველიშვილმა.
ობიექტების ნგრევა გასულ კვირას დაიწყო და ჯამში, 30 -მდე ჯიხურის ხელახალი მშენებლობაა დაგეგმილი.
ბაზრის მფლობელის, ნუკრი ლიპარტაშვილის ინფორმაციით, დასაქმების მსურველი არცერთი პირი, უსამსახუროდ არ დარჩება.
დავა ბაზრის მფლობელსა და სხვა კერძო მესაკუთრეებს შორის, ორ ათეულ წელზე მეტია გრძელდება.











