„ხვალ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძემ ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.
„მოვუწოდებთ ყველას, ხვალ, არჩევნების დღეს, უზრუნველყონ კენჭისყრის კანონის სრული დაცვით, მშვიდ ვითარებაში წარმართვა, შექმნან სათანადო გარემო ჩვენი მოქალაქეების მიერ საარჩევნო უფლების თავისუფალ გარემოში რეალიზებისათვის.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა.
ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ ხვალ თითოეული საარჩევნო უბანი იქნება ორგანიზებული, როგორც მაქსიმალურად კოვიდ-უსაფრთხო საჯარო სივრცე. შესაბამისად, ამომრჩევლებს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისაკენ.
ხვალ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. არჩევნებს მოიგებს ჩვენი პარტიის თითოეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რაც შექმნის მყარ ნიადაგს ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











