საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე 3 657-ივე საარჩევნო უბანს დეზიფექცია ჩაუტარდება.
ამომრჩევლებს კი ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევთ. უბნებზე მათ პირბადე და ინდივიდუალური კალამი დახვდებათ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონე 3 511 853 მოქალაქეა რეგისტრირებული.
რეკომენდაციების დაცვით, ელექტორატს აქტივობისკენ ცესკოს თავმჯდომარემაც მოუწოდა. მასთან ერთად ამომრჩეველს ჯანდაცვის მინისტრი და ამ სფეროს სპეციალისტებიც არწმუნებენ, რომ 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მისვლა უსაფრთხო იქნება.











