„ერმა იწამა ისევ ღმერთი და მას მიენდო“,- ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოში ქართველი ერი ღმერთს მიენდო და გადარჩა.
„ხომ ნახეთ, რა მოხდა კორონავირუსთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში. აბსოლუტურად მთელ მსოფლიოში წამოვიდა ინსტრუქცია და ყველა დაემორჩილა მას. არ ვამბობ, ეს ცუდია თუ კარგი, ადამიანები ვართ, თავი გვაქვს, გონიერი არსებები ვართ. გაჩერდა მთელი მსოფლიო, თითქმის ყველა ქვეყანაში თუ სადმე რელიგიური კერა იყო, ყველა დაიკეტა. დაიკეტა იმიტომ, რომ მოსთხოვეს.
ხომ ვიცით ყველამ, როგორ ხდებოდა. საკუთარი ნებით ვინ გამოვიდოდა და დაკეტავდა, ხომ? რაღაცით ეს ადამიანები დაარწმუნეს, რომ ყველაფერი დაეკეტათ და ასე მოხდარიყო. რა მოხდა ჩვენთან-საქართველოში მოხდა ის, რომ თავის გადასარჩენად ზოგი ოჯახებში იყო, ზოგი სხვაგან და იმ ადამიანებსაც ვერ ვიტანდით, ვინც ეკლესიაში დადიოდა. თავიდანვე ბრძოლები დაგვეწყო, რატომ დადიან, ხომ შეიძლება რაღაც გადაედოთ, მერე ჩვენც გადაგვედება, ასე პატივსაცემი ხალხი გვეუბნება ამას, მათ როგორ არ დავუჯეროთ და ეკლესიას დავუჯეროთ.
მაგრამ, საოცარი რამ მოხდა, აბსოლუტურად მთელი ერი, ახლა დღეს თუ ვინმე დარჩა ისეთი, რომელიც კიდევ აკრიტიკებს იმას, რომ ერი ეკლესიაში დადიოდა, საცოდავები არიან და მათ ახლა , ჩემი აზრით, მთელი სამედიცინო სპექტრი ვერ უშველით. შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ უგუნური არსებებივით იქცევიან, თუ ასეთი ვინმე დარჩა და ალბათ დარჩა. ერმა იწამა ისევ ღმერთი და მას მიენდო“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.
მან მრევლს მიმართა, რომ შესაძლოა კიდევ დადგეს ისეთი დრო, როდესაც ეკლესიაში სიარულისას შესაძლო საფრთხის შესახებ აცნობებენ.
„ქართველი ერი საკმაოდ გონიერი აღმოჩნდა და ღმერთმა გადაგვარჩინა. შეხედეთ რა ხდება მსოფლიოში, უჭკუოები ხომ არ ვართ, ის დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და იმიტომ გადავრჩით. მადლობა მათ, სამედიცინო პერსონალს, მაგრამ ღმერთმა აგვარიდა ის დიდი რამ, რაც არის. ამას გეუბნებით იმიტომ, რომ კიდევ მოვა ასეთი დრო, კიდევ გეტყვიან და შეგაშინებენ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.











