„„ნამახვანი ჰესი“ არის, იყო და იქნება ქართული პროექტი. ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილი. ამ პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოიტანოს”, – ამის შესახებ კომპანია „ენკას“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული ძალები არსებული სურათის დამახინჯებასა და ადამიანის გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ.
„ნათლად ვხედავთ, რომ რიგი ძალები და ადამიანები სურათის დამახინჯებას და ადამიანების გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ, აბსოლუტურად შეგნებულად და ძალიან კონკრეტული მიზნებით.
სამწუხაროდ, დღეს პროექტის საწინააღმდეგოდ პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ საქმიანი მსჯელობის და კითხვებზე ნორმალურ რეჟიმში პასუხის გაცემის სივრცე პრაქტიკულად არ დატოვა.”, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.











