კომუნიკაციების კომისიამ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის, „მთავარ არხს“, „იმედს“, „ფორმულას“ და „პალიტრა ტვ“-ის ოქმი შეუდგინა, „ტვ პირველს“ და 4 რეგიონული მაუწყებელს – არა.
როგორც კომისიის განცხადებაშია აღნიშნულია, მაუწყებელებმა საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლი დაარღვიეს და კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში, საკუთარ ეთერში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა გამოაქვეყნეს.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ კი მისი დაკვეთილი ეგზიტპოლის გამოქვეყნებისას კანონით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაცია არ გამოაქვეყნა
კომისიის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის, „ტელეკომპანია პირველის“, „მეგა ტვ-ის“, „ტოკ ტვ-ის“, „პალიტრა ტვ-ის“ და ტელეკომპანია „ქართული არხის“ შემთხვევებზე, რომლებმაც სხვა არხების მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს, კომუნიკაციების კომისიამ იმსჯელა, მაუწყებლების ვრცელი განმარტებები მოსმინა და სამართალდარღვევის ოქმი შედგენა საჭიროდ არ მიიჩნია.
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ არხებს კომუნიკაციების კომისიამ სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგინა, კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ მაუწყებლებისთვის აღნიშნული საკითხის განხილვა უნდა იყოს სარეკომენდაციო სახის და მომავალში, თუნდაც მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებში სხვა არხების დაკვეთილი ეგზიტპოლის გაშუქებისას, მაქსიმალურად დაიცვან ეგზიტპოლის გამოქვეყნების ყველა წესი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის, „ტელეკომპანია პირველის“, „მეგა ტვ-ის“, „ტოკ ტვ-ის“, „პალიტრა ტვ-ის“ და „ტელეკომპანია ქართული არხის“ წარმომადგენლებმა დღეს გამართულ სხდომაზე ვრცლად ისაუბრეს და განაცხადეს, რომ სხვა არხების ეგზიტპოლის გაშუქება საინფორმაციო გამოშვებებში მაყურებლის ინფორმირების მიზნით მოახდინეს და კომისიას გადაწყვეტილების მიღების დროს აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება სთხოვეს“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.











