მეცნიერების თქმით, კორონავირუსის მიმართ ჯოგური იმუნიტეტი, შესაძლოა, მუდმივი არ იყოს და მაშინაც კი თუ მსოფლიო მას მიაღწევს, მალევე დაკარგოს ის.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი კორონავირუსის მიმართ მიღწეული ჯოგური იმუნიტეტის შენარჩუნებას:
ახალგაზრდები
უახლოეს მომავალში კორონავირუსის ვაქცინას ახალგაზრდების მხოლოდ მცირე ნაწილი მიიღებს. როგორც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, ამერიკელ ახალგაზრდებს, დიდი ალბათობით, ვაქცინების ლოდინი 2022 წლის დასაწყისამდე მოუწევთ.
შესაბამისად, ვაქცინაციამდე, ისინი ვირუსით ინფიცირებას კვლავ განაგრძნობენ და მომავალში მის გავრცელებასაც შეუწყობენ ხელს. ეს კი ჯოგური იმუნიტეტის მიღწევასა და შენარჩუნებას საკმაოდ გაართულებს.
ანტი-ვაქსერები
Kaiser Family Foundation-ის მიერ ამერიკაში გამოკითხულთა 20%-მა განაცხადა, რომ ისინი ვაქცინას არ გაიკეთებენ ან მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან აცრას, თუ ის სკოლაში და სამსახურში წასასვლელად სავალდებულო იქნება.
შესაბამისად, თუ საკმარისი რაოდენობის ადამიანები არ აიცრებიან, ჯოგური იმუნიტეტი ვერ მიიღწევა.
შტამები
რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით მეტი შანსია იმისა, რომ ახალი მუტაციები გაჩნდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ მუტაციის შედეგად ვირუსი მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის, შესაძლოა, მისი უფრო საშიში და ახალი ვარიანტები მივიღოთ.
თუ ეს მოხდება, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს მოუწევთ მათი ვაქცინების განახლება, რათა ისინი ახალი ვარიანტების მიმართაც ეფექტურები იყვნენ.











