ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოვიდინფიცირებულები კენჭისყრაში მონაწილეობას დიდი ალბათობით ვერ მიიღებენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა კარანტინში მყოფი მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას სავარაუდოდ მიიღებენ.
„ჩვენ შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, კოვიდინფიცირებულებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, გადაწყვეტილება არავის აქვს მიღებული, რომ კოვიდინფიცირებულს ჰქონოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა.
თუმცა, ცალკე საკითხია საკარანტინო ზონები და კარანტინის სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები. სხვათაშორის ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობაში უკვე ეს მუხლი არსებობს, სწორედ ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო სივრცეში არჩევნების ჩატარება – არ ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დაეფუძნება, ექსპერტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მე ვფიქრობ, რომ კარანტინში მყოფი ამომრჩევლების უფლების რეალიზაცია უნდა მოხდეს. თუმცა, დღეს გავიგე, რომ შესაძლებელია არსებობდნენ კოვიდინფიცირებულები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ და ისინი საკარანტინო სივრცეებში განთავსდებიან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ცესკოს დიფერენცირება მოუწევს. ვისაუბრებთ პოლიტიკურ პარტიებთან, დამკვირვებლებთან სამოქალაქო ორგანიზაციებთან, რა იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთის მხრივ, თვითონ კომისიის წევრებსაც მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს და დამკვირვებლებსაც“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.











