ძალიან რთულია საქართველოს ასეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ხილვა, ვინაიდან ეს დემოკრატიის კრიზისია, – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
„დემოკრატიის სიმწიფე ნიშნავს არჩევნების გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს არაპოლიტიზაციას და სამართლიან საპარლამენტო პროცესს. ორივე მხარეს მოვუწოდებ, დაიწყონ ქცევა, როგორც ეს ნამდვილ ევროპელებს შეეფერება. მივესალმები შარლ მიშელის ჩართულობას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ჩვენს მეგობრებს ესმით, რომ ეს ევროკავშირის უმაღლესი დონის ჩართულობაა და საქართველოში ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებ, ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა კუბილიუსმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავის წარმომადგენლად კრისტიან დანიელსონი დანიშნა.











