„ელჩებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო, სანამ ჩვენ მივიღებთ „ქართული ოცნებიდან“ ჩამოყალიბებულ წინადადებას და ამის შემდეგ იმედია, რომ შედგება მესამე რაუნდი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის“ – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თუკი რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, არ შეიცვალა ფუნდამენტურად საარჩევნო კოდექსი და ცესკოს შემადგენლობა, მოლაპარაკება ვერ შედგება.
„დღეს ჩვენ მოვიტანეთ შეჯერებულ წინადადებათა პაკეტი. ძირითადი კომპონენტი არ შეცვლილა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ უამრავი სხვა საკითხია ამ პაკეტში.
ჩვენმა ფასილიტატორებმა ელჩებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო დაახლოებით 2 დღე, სანამ ჩვენ მივიღებთ „ქართული ოცნებიდან“ ჩამოყალიბებულ წინადადებას და ამის მერე იმედია, რომ მოხდება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება.
ჩვენ ველოდებით უახლოეს ორ დღეში ამ შეხვედრას. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ არ შეიცვალა ფუნდამენტურად საარჩევნო კოდექსი და დღევანდელი ცესკოს შემადგენლობა, ბუნებრივია მოლაპარაკება ვერ შედგება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.










