„ხვალ სად მიდიან მანდატებზე უარის სათქმელად, თუ ზეგ ისევ მოლაპარაკებების მაგიდას უბრუნდებიან, ეს არ ქმნის უხერხულობას ამ პროცესში? თუ არ უნდათ მოლაპარაკებების დასრულება და თუ უნდათ ეს პროცესი ჩიხში შეიყვანონ, მაშინ თქვან პირდაპირ. ან იმ ელჩებს რატომ ატყუებენ? თუ ზეგ მიდიხარ მოსალაპარაკებლად, ეს ხომ გულისხმობს, რომ შესაძლებელია შეთანხმდე.“ – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის არ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნა ყველა დეპუტატს სურს და ბევრი მათგანი მოლაპარაკებების მომხრეა.
„მოლაპარაკება ხო იმას გულისხმობს, რომ თუ ხელს მოაწერ, პარლამენტში შეხვალ, აბა, სად წახვალ და თუ პარლამენტში შედიხარ, ხვალ რას ხსნი? ჩვენ გვინდა რომ შევთანხმდეთ და კრიზისი დავძლიოთ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ამოცანა. ვისაც უნდა რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები და ქვეყანა შეიყვანოს ჩიხში, იმან აიღოს მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ პოლიტპატიმრები დარჩებიან ციხეში, რადგან ამ მოლაპარაკებებზეც არის დამოკიდებული მათი გათავისუფლება.“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.











