,,ევროპული საქართველოს” წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის ერთიან პოზიციას.
„პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის ერთიან პოზიციას და ხელს მოაწერს სამ განცხადებას.
ის 60 ადამიანი, რომელიც არჩეულია პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, მოაწერს ხელს, რომ არ შედის პარლამენტში, ის პარტიები, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი ცესკოს მონაცემებით, ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომ ხსნიან სიებს და შესაბამისად, არავინ ამ პარტიებიდან არ შევა პარლამენტში და ბოლოს, ყველა ეს პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებდა არჩევნებში, კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ არ აღიარებს ამ შედეგებს.“ – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ, პრეზიდენტი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დანიშნავს.
კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა უნდა ჩატარდეს.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი. სხდომას ასევე დაესწრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
პირველსავე სხდომაზე დეპუტატები ფარული კენჭისყრით პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ.
ცესკომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი დღეს გამოაქვეყნა.











