ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც ლიზა იასკო ამბობს, სააკაშვილი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ჯერ ძალიან სუსტადაა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოკითხვას უთვლის ყველა ჟურნალისტს, რომლებიც ჰოსპიტალთან დგანან და მოვლენებს აშუქებენ. მან ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესზეც გააკეთა კომენტარი.
„ისე ჩანს, რომ ხელისუფლებას სურს, მოკლას მიხეილ სააკაშვილი და მრავალწლიანი პატიმრობა შეუფარდოს. თუ ის საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში. ჩვენ ის გვჭირდება. მილიონობით უკრაინელს სჭირდება და ელიან, ყოველდღიურად თვალყურს ადევნებენ ახალ ამბებს და მეკითხებიან, თუ რას აკეთებენ ქართველები მის გასათავისუფლებლად.
როდესაც გარკვეული პოლიტიკური პრობლემები იყო უკრაინაში, უკრაინელები მისთვის იბრძოდნენ და მანქანიდანაც კი გადმოჰყავდათ, როდესაც დააკავეს. ახლა ქართველი ხალხის ჯერია, რომ გაათავისუფლონ“, – განაცხადა ლიზა იასკომ.









