პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა ბოლო მოვლენების გამოძახილია, რადგან საკმაოდ დაძაბული განცხადებები იყო რუსეთთან მიმართებით.
მისი თქმით, ჩვენმა სამსახურმაც საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავა.
„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიბერშეტევა არის გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების: საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა – გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები და ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმაც საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს, მონაცემები, რაც გამოქვეყნებულია რომელიღაც საიტზე, მნიშვნელოვანწილად არის უზუსტობა, მაგრამ ეს შემოტევა მოგერიებულია, საფრთხე ყოველთვის არის, ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება, ძნელია, მაგრამ დასადგენია, საიდან მომდინარეობს ეს შეტევა,”- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დღეს ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა განხორციელდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა, სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურებმა მოაწყეს.











