პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის პოლიტიკაში მოსვლის შანსი 10%-ია. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მას პოლიტიკაში მოსვლა ნაკლებად სურს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
მალხაზ მაჩალიკაშვილი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, განვაცხადე, ვფიქრობ – მეთქი. არ მითქვამს პირდაპირ, რომ პოლიტიკაში მოსვლას ვაპირებ. მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ამ საკიხთან დაკავშირებით, ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია.
ჯერ რასაც ვფიქრობ, პოლიტიკაში, შესაძლოა, 10%-ით მოვიდე, იმდენად ნაკლებად ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არ მინდა პოლიტიკაში და პარლამენტში ვიყო. მინდა ისე წავიდეს ეს ხელისუფლება, თუ ეს შესაძლებელი იქნება – იქნება, თუ არა, ვეცდები ყველანაირად, რომ პოლიტიკაში ან პარლამენტში მოვიდე.
– იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილება გადაწყვიტეთ, სად იყრით კენჭს – პანკისში?
– თუ გადავწყივიტე, არ მინდა პატარა ლოკაციაში დავაყენო კანდიდატურა. თუ არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე, ეს იქნება ცოტა გაფართოებული.
თუ კენჭი ვიყარე, ვიყრი იქ, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს გამარჯვების ნაკლები შანსი ექნება. ეს თემა ჩემთვის ძალიან ფაქიზია. ჩემი მიზანია, რომ პირველ ყოვლისა, „ქართული ოცნება“ დამარცხდეს. შემდგომში ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით.
– რომელ პოლიტიკოსებთან აპირებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას?
– ჩემთვის გაერთიანებულ ოპოზიციაში ყველა ლიდერი მისაღებია.
– დაგიჭერთ თუ არა მხარს არჩევნებში გერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“?
– ამ თემებს არ მინდა შევყვე, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე, პირველი თქვენ გეცოდინებათ. მეტად ხალხს ვუსმენ, სიმართლე რომ გითხრათ, ვიდრე გაერთიანებულ ოპოზიციას თუ ლიდერებს. ჩემთვის ყველაზე მთავარი ხალხის აზრია.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











