“გირჩის” ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას იმედი აქვს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მანვე ისაუბრა, რა საკითხი განიხილა სალომე სურაბიშვილთან შეხვედრის დროს.
“პრეზიდენტთან ერთი თემა განვიხილეთ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები. ამ ცვლილებებზე მე “ფეისბუქზე” ვთხოვე პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო და ამ თემასთან დაკავშირებით მას სურდა ჩემთან საუბარი, ჩემი პოზიცია გავაცანი, ავუხსენი რატომ იყო ეს ცვლილებები საბჭოთა ცვლილებები თავისი შინაარსით და რატომ იყო ის წინააღმდეგობაში შარლ მიშელის დოკუმენტთან, რომლის გულშემატკივარიც როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტიც იყო.
პრეზიდენტს შეუძლია ხელმოწერის ნაცვლად, კანონპროექტი უკან დააბრუნოს შენიშვნებით. ჩვენს შეხვედრაზე ამასაც შევეხეთ, მე მქონდა მოსაზრება, თუ როგორი შენიშვნით უნდა იყოს ის უკან დაბრუნებული. პრეზიდენტის განწყობას რაც შეეხება, მე არ ვარ განწყობების სპეციალისტი, რომ ამ საქმეში ღრმად შევიდე, ჩვენ ყველანი ველოდებით, რამდენიმე დღე და შეიძლება რამდენიმე საათიც არის დარჩენილი, რომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
მე მაქვს იმედი, რომ ის ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუ საერთოდ არ ფიქრობს ვეტოზე და ამას გამორიცხავს, არ მგონია ისე ერთობოდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა იყოს მისი მხიარულების საგანი,”- განაცხადა ხვიჩიამ.










