მარნეულის 22-ე საარჩევნო უბანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გადასატანი ყუთის გაუქმებას ითხოვენ. როგორც „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას ენმ-ის წევრი ლაშა ქველაძე აცხადებს, გადასატან ყუთზე ლუქის ნომერი ჩაწერილ მონაცემებს არ ემთხვევა.
„ყუთის მონაცემები არ ემთხვევა ჩაწერილს. ამიტომ ვითხოვთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ გაბათილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს“ – განაცხადა ქველაძემ.
მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ყუთზე წარწერა არასწორად გააკეთეს და ეს ტექნიკური ხარვეზია.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
ავტორი: მარიამ ქველაძე











