„მათ სურთ სხვის ბუდეში კვერცხის დადება, რაც არ არის ღირსეული საქციელი”, – ასე აფასებს „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას პარტიას.
მისი თქმით, არავის არ მისცემს უფლებას, რომ თავი „ოცნება 2-ად” გამოაცხადოს.
“მე შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი ერთი პროცენტიც, რომელიც შეიძლება დაკარგოს ქართულმა ოცნებამ, არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. და როდესაც გამოდის კონკრეტული პარტია და კონკრეტული პირი და თავის თავს აცხადებს “ოცნება 2-ად”, ბუნებრივია, აქ გვჭირდება რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი, ნებისმიერ ერთი ხმა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის და არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თავი ყალბი ინფორმაციით გამოაცხადოს ფსევდო პარტიად და “ოცნება 2-ად”.
ეს არის რიტორიკა, მთელი რიტორიკა იკითხება ზუსტად ასე, ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების რიტორიკა, ეს ტერმინიც აქტიურად გამოიყენება და, თუ დააკვირდებით, თვითონ გახარიას და მისი პარტიის რიტორიკას, მათ შორის იმას, რომ ისინი ნაკლებად კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან და ა.შ. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მათ სურთ სხვის ბუდეში და ეს არის ქართული ოცნების ბუდე, კვერცხის დადება, რაც არ არის ღირსეული საქციელი.“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.











