მათი გზავნილები არის ყველაფერი იმის წინააღმდეგ, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, აქციის გზავნილები საქართველოს სიღარიბიდან ამოყვანის და თავისუფლების საწინააღმდეგოა.
“ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, სრული საფუძველი გვაქვს ივანიშვილის მთავრობის მიმართ უნდობლობისა. ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ პროექტში შეიძლება, იყოს გარეული კორუფციული ინტერესი ივანიშვილის რეჟიმისა და მისი გარემოცვის მხრიდან. ჩვენ გვაქვს ამ მთავრობის მიმართ ბრაზის საფუძველი იმის გამო, რომ ისინი საერთოდ არ გრძნობენ ანგარიშვალდებულად თავს ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი საზოგადოების წინაშე. მე ვიცი, რომ ამ ყველაფრის გამო ჩვენი ბევრი გულწრფელი მოქალაქე იყო ამ პროტესტის ნაწილი მთელი ამ კვირების განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით.
მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ პროტესტის მთავარი გზავნილი, სულისკვეთება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ეს არის, ერთი მხრივ, ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, სიძულვილის კამპანია უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, კამპანია კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ. არა კამპანია მთავრობის კორუფციის ან, ზოგადად, მთავრობის წინააღმდეგ, არა. ეს ძირითადი გზავნილები არის ყველაფერი იმის წინააღმდეგ, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ სიღარიბის ამ ჭაობიდან ამოვიდეს, რომ ყველას ჰქონდეს შანსი საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვისა და რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი, მიუხედავად მათი განსხვავებებისა, ღირსეულად და თავისუფლად ცხოვრობს. ანუ ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი”. – თქვა გიგა ბოკერიამ.











