„განცხადება, რომ 20 ივნისს თავებს დაითვლიან და ა.შ. ეს შეიძლება გააკეთოს მხოლოდ უთავო ადამიანმა“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას 20 ივნისის აქციის ეშინია.
„მათთვის ეს არის კოშმარი. ამიტომ 20 ივნისის გახსენება, ან რაიმე ფორმით იმ აქციის კომენტირება, რომელიც 20 ივნისს გაიმართება, „ქართული ოცნებისთვის” ძალიან მძიმედ გადასატანია, ამიტომ აკეთებენ ასეთ სულელურ კომენტარებს.
ამ აქციის იმიტომ ეშინიათ, რომ 200 ადამიანი გამოვა, 20 000 თუ 2 000, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. თავისთავად, 20 ივნისი არის ამ ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრიობის და დანაშაულებრივი ქმედებების ვერდიქტი და გამომამზეურებელი. ეშინიათ და აკეთებენ ასეთ კომენტარს. ეს არის შეხსენება იმისა, თუ როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება, როგორ ასრულებს ის რუსეთის დაკვეთას და გამოვლინდა მრავალ საკითხში, მათ შორის, სულ ბოლოს, ანაკლიის პროექტის ჩაძირვის სახით.
ამიტომ, 20 ივნისის ხსენება მათთვის არის შემახსენებელი იმ ძალადობის და უსამართლობის, რომელსაც ჩადიოდნენ მთელი 8 წლის განმავლობაში და ამიტომ უფრთხიან 20 ივნისს განსაკუთრებით და ეშინიათ ამ დღის. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანთა რაოდენობას, რომლებზეც ისინი აპელირებენ. ერთიც რომ იდგეს და გავრილოვის სურათი დაიჭიროს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მახინჯი სახე, რომელმაც ფაქტობრივად, უღალატა საკუთარ ხალხს”, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 20 ივნისის აქცია მხოლოდ პარტიული იქნება.










