სამოქალაქო აქტივისტები „მოძრაობა უძრაობისთვის” სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შესასვლელთან შეიკრიბნენ და ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შესაძლო შეჩერებას აპროტესტებენ. აქტივისტებმა ასევე გააჟღერეს მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის შესახებ
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილონ პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელია იმუნიტეტის გარეშე დატოვონ, ამ წუთებში პარლამენტის შენობის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები პარლამენტში მიმავალ დეპუტატებს შეძახილებით ხვდებიან.
პარლამენტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. მათსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
საკანონდებლო ორგანოში მივიდნენ ნიკა მელიას ადვოკატები.
“ჩვენ დავესწრებით სხდომას და საკმაოდ მწვავე კითხვებს დავუსვამთ პროკურატურას. ვეცდებით საზოგადოებას გავაგებინოთ თუ რამდენად ფორმალურია ეს პროცესი. ავითარებენ ნარატივს, რომ ნიკა მელიას გირაოს არ იხდის, ეს კი საზოგადოების სიცრუეში შეყვანაა. ნიკას გირაო გადასახდელი არ აქვს. გირაოზე გირაოს გამოყენება აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა,”- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.










