„ქართული ოცნების“ თავჯდომარე, მამუკა მდინარაძე არ ეთანხმება ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ამნისტიის შესახებ პროექტი ოჯახურ დანაშაულსაც უნდა შეეხოს.
როგორც მდინარაძე ამბობს, ამ იდეას უმრავლესობის მხარდაჭრა არ ექნება.
„მე ამის წინააღმდეგი ვიქნები. ამ წინადადებას ფრაქცია “ქართული ოცნებაში” უმრავლესობის თანხმობა არ ექნება. სისხლის სამართლის პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. სხვა ყველა ის სამართალდამცავი უწყება, რომელიც ამ სფეროში მუშაობს ამ პოლიტიკის გამტარებელია. პოლიტიკა ოჯახში ძალადობის მიმართ ლოიალური ვერ იქნება. ერთადერთი არგუმენტი აქვთ ხოლმე პირად საუბრებში, რაზეც გვეუბნებიან, რომ არის შეცდომები – ვიღაც იჩაგრება და ვიღაცას შეიძლება დაბრალდეს. ეს არის პრაქტიკაში გასასწორებელი. შეგვიძლია მივუთითოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ თუ მსგავსი შეცდომები ხდება პრაქტიკში და ვიღაცის დაბრალების გამო შესაძლოა ვინმე ციხეში მოხვდეს, ეს გასასწორებელი იქნება. ძალიან ყურადღებითაა აქ საჭირო მიდგომა. რაც შეეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ამ მიმართულებით ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით კონცეფციის დონეზე გვაქვს განსაზღვრული და ეს მიმართულება ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ შეიცვლება, შესაბამისად, ეს მუხლი ამნისტიაში არ მოხვდება”,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, დიმიტრი ხუნდაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ თუ ოჯახში ძალადობა ემოციურ ფონზე ხდება და პირველი შემთხვევაა, ამნისტია უნდა შეეხოს.











