“მე მიყვარს ბათუმის” წევრებმა ბათუმის ბულვარში მდებარე “ამბასადორი ბათუმის” მშენებარე კორპუსის ღობის ნაწილი მოარღვიეს.
როგორც “მე მიყვარს ბათუმის წევრი” ალექსანდრე მილორავა აცხადებს, ამ ფორმით ისინი აპროტესტებენ ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას და მოუწოდებენ მოქალაქეებს, თუ უნდათ ბათუმის ბულვარში არ აშენდეს 16 სართულიანი შენობა, მივიდნენ მშენებლობის ადგილზე და ერთობლივად მთელ პერიმეტრზე მოარღვიონ ღობე და ხელი შეუშალონ მშენებლობას.
“დიდ ხანია ვაპროტესტებთ და ვეწინააღმდეგებით მშენებლობას ბულვარში. ეს არღვევს ბულვარის სივრცით განაშენიანებას. უნდა აშენდეს მაქსიმუმ 4 სართული.
ერთხელ შევაჩერეთ მშენებლობა. ვაწარმოებთ მონიტორინგს. მაგრამ მუშები შემოდიან ფარულად ღამით, არღვევენ კომენდანტის საათს, როდესაც ჩვენ ვერ გამოვდივართ.
მოვედით დღეს, ვნახეთ მიმდინარეობს მშენებლობა, მოვუწოდეთ მუშებს, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდათ. პოლიციაში დავაფიქსირეთ, რომ უკანონოდ შენდება და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით.
კომპანიის მხრიდან არავინ შეგვხმიანებია და უტიფრად აგრძელებენ მშენებლობას.
ყველანაირად შევუშლით ხელს ამ მშენებლობას, რადგან ნებართვა უკანონოდ არის გაცემული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბულვარი დარჩეს რეკრეაციულ ზონად.
ვისაც არ უნდა ჩაბეტონებული ქალაქი, უნდა გამოვიდეთ, ერთად დავდგეთ და გავუწიოთ წინააღმდეგობა. ყველა ბათუმელმა უნდა შეიტანოს ამაში წვლილი”- აცხადებს ალექსანდრე მილორავა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
შეგახსენებთ, ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე თანხმობა უკვე გასცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, რასაც არაერთი საპროტესტო აქცია მოყვა. მშენებლობის შეჩერების მითხოვნით 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











