„საერთოდ კარგი იქნება, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები. თუმცა როგორც ჩანს, ჯერ ამისთვის ქართული პოლიტიკა მზად არი არის. სწორედ ამიტომაც ევროკავშირის ელჩის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ირმა ინაშვილი ამბობს, ის რომ ხელისუფლების ადგილას იყოს, ხელახალ არჩევნებს დანიშნავდა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გავცვალეთ მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩვენი პარტიის მოსაზრება, რომ ერთდერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა.
„ქართული ოცნება“ თუ ამტკიცებს, რომ ის არის ძლიერი და აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა, მაშინ როგორც ძლიერმა ხელისუფლებამ, უნდა განახორციელოს ეს ინიციატივა. მე რომ ვიყო ხელისუფლება და ვიყო ასეთ პოლიტიკურ კრიზისში, გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ არ მეშინია კიდევ ერთხელ დავდო შედეგი, არ გავაღრმავებ პოლიტიკურ კრიზისს და დავნიშნავ ხელახალ არჩევნებს ვთქვათ გაზაფხულზე. ეს კანონმდებლობის ცვლილებითაც შესაძლებელია.
მე ვთავაზობ ოცნებას, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა, შეუძლია ამის გაკეთება. მეცხრე მოწვევის პარლამენტს შეუძლია ცვლილებების განხორციელებაც. ვარიანტები არის და შეგვიძლია ამაზე მსჯელობა“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციური პარტიები ხელახალი არჩევნების ცვლილებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორების დახმარებით მიმდინარეობს.











