„ჯანდაცვაში 50% ჯერ კიდევ ჯიბიდან დანახარჯებზე მოდის და აქედან 70% მედიკამენტებზე გადახდილი საფასურია. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ასეთი უკონტროლო და მზარდი ფასები ჭამს პენსიას, სოციალურ შემწეობასა და ხშირად ხელფასსაც. განსაკუთრებით მძიმეა ეს მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში განაცხადა.
დეპუტატმა გიორგი გახარიას სთხოვა, გააცნოს პარლამენტს მისი გეგმა მედიკამენტებზე მაღალი ფასების პრობლემის მოსაგვარებლად.
„ჩემი კითხვა მინდა მთავარი კითხვით დავიწყო. როგორც მთელ მსოფლიოს, ჩვენც პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. საკმაოდ წარმატებით გავიარეთ შეკავების ფაზა. შემდეგ – ჩვენს მიერ პროგნოზირებული შესაძლო მეორე ტალღა, რომელიც რეალობად იქცა. სიმძიმემ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან გარკვეული უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იყო სხვადასხვა მიმართულებით: ქუჩაში პოლიტიკური აურზაური ბიძგი აღმოჩნდა ამ პრობლემის დამძიმების, თუმცა მე შეფასებას არ მივყვები. მინდა გკითხოთ, ბატონო გიორგი, რა ეტაპზე ვართ ახლა ამ მიმართულებით და რა მოლოდინია, ვაქცინაციასთან დაკავშირებით?
მეორე საკითხი, რომელიც ასევე ჯანდაცვასა და სოციალურ თემატიკასაც ეხება, თქვენ ამაზე ისაუბრეთ ჯიბიდან დანახარჯებზე და მინდა დაგეთანხმოთ. ჯანდაცვაში 50% ჯერ კიდევ ჯიბიდან დანახარჯებზე მოდის და აქედან 70% მედიკამენტებზე გადახდილი საფასურია. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ასეთი უკონტროლო და მზარდი ფასები ჭამს პენსიას, სოციალურ შემწეობასა და ხშირად ხელფასსაც. განსაკუთრებით მძიმეა ეს მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
მედიკამენტების ხარისხი არის პრობლემა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ასე თუ ისე მოგვარებულია, მაგრამ ფინანსური ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და შესაძლოა, ამას უფრო მკაცრი შეფასებაც მივცეთ. რა თქმა უნდა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ამ სექტორის რეფორმირება, საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ჩვენ ამაზე ევროპელ ექსპერტებთან ერთად ვიმუშვეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა ლოგისტიკის შეცვლა. არც ესაა საკმარისი. საჭიროა მთავარი. ეს არის ძლიერი პოლიტიკური ნება“, – განაცხადა ხუნდაძემ.











