აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მენეჯმენტის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე, 2009-2012 წლებში საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი წარადგინა.
ბასის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.
|რა ვიცით ჯონ ბასზე – კარიერა
ჯონ ბასი ამერიკელი დიპლომატია. საქართველოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობის გარდა, ჯონ ბასს 2014-2017 წლებში თურქეთში, 2017-2020 -ში კი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ელჩის პოზიცია ეკავა.
ამასთანავე, ბასი უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში მსახურობდა. მას მაღალი პოზიციები ეკავა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

|ჯონ ბასი საქართველოზე
ჯონ ბასი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა. ის აღნიშნულ თანამდებობას სამი წლის განმავლობაში იკავებდა.
2012 წლის ივლისში, ბასმა აშშ-ის ელჩის რანგში ბოლო ოფიციალური მიღება გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში მომავალში უბრალო ტურისტად ჩამოვიდოდა
აშშ-ის ელჩმა აღნიშნულ მიღებზე გაიხსენა აგრეთვე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სიტყვები, სადაც ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველაზე მეტად დემოკრატიის განვითარებით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებითა და სამართლიან გარემოში ხელისუფლების გადაცემითაა შესაძლებელი.
მოგვიანებით, ჯონ ბასმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოსამშვიდობებელი წერილიც განათავსა, რომელიც ამ სიტყვებით იწყებოდა: მე მიყვარს საქართველო.
,,ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამ ლამაზი, მიმზიდველი ქვეყნის დატოვება. ვინმე იფიქრებს, რომ აქ ძალიან ბევრი პოლიტიკაა ერთ სულ მოსახლეზე. მე ვიტყოდი, რომ ეს აჩვენებს, როგორ ღრმად განიცდიან ქართველები თავიანთ მომავალს. მე და ჰოლი ვტოვებთ საქართველოს, მაგრამ არ ვემშვიდობებით, რადგან საქართველოს პატარა ნაწილი მიგვაქვს ვაშინგტონში. დიდი პატივი და პრივილეგია იყო ჩემთვის, რომ წარმოვადგენდი აშშ-ს საქართველოში. ჩვენს მეგობრებს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვუსურვებ მშვიდობას და შესაძლებლობას, რომ აირჩიონ თავიანთი მომავალი. მე მჯერა, რომ საქართველოს ნათელი დღეები წინ აქვს“,- წერდა ბასი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ საახალწლო ვიდეოში, ამერიკის ყოფილ ელჩებთან ერთად, საქართველოს ახალი წელი ჯონ ბასმა და მისმა მეუღლემაც მიულოცეს. ვიდეოში ბასი აღნიშნავს, რომ „ყოველდღე ენატრება ლობიო და პური“.

„გამარჯობა! მიხარია ჩვენი მეგობრების ნახვა საქართველოში. დღესასწაულებზე ძალიან გვენატრება საქართველო. რაც ყველაზე მეტად მენატრება დღესასწაულზე საქართველოში არის, ჩემი ჩიჩილაკი.
მე მენატრება სადღესასწაულო სუფრა ჩვენს მეგობრებთან ერთად. მე მენატრება ჩემი ქართული ენის გაკვეთილები. უნდა ვთქვა, რომ ყოველდღე მენატრება ლობიო და პური. „ბაყაყი წყალში ყიყინებს“. გილოცავთ ახალ წელს!“,- ასე მიულოცა 2020 წელს აშშ-ს ყოფილმა ელჩმა და მისმა ცოლმა ჩვენს ქვეყანას ახალი წელი.









