გვატემალის საზღვართან გაჩერებულ სამ სატვირთო ტრაილერში 329 მიგრანტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ხელისუფლების ინფორმაციით, მექსიკის მიგრაციის აგენტებისა და ეროვნული გვარდიის მიერ გაჩხრეკილ სატვირთოებში გვატემალელი და ჰონდურასელი მიგრანტები იპოვეს. მათ შორის 114 არასრულწლოვანია. მიგრანტებს მიეწოდებოდათ საკვები და წყალი.
სრულწლოვნები დაკითხვაზე, არასრულწლოვნები კი მიგრანტთა თავშესაფარში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი, მექსიკის გავლით, აშშ-ში ჩასვლას გეგმავდნენ.
შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებულმა შტატებმა გაამკაცრა მიდგომა აშშ-მექსიკის საზღვარზე მზარდ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით.











