მესამე რაუნდი ჯერ ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ასევე განახადა, რომ “ქართული ოცნება” შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად მზად არის.
“თუ ისინი ამბობენ, რომ მოვლენ მესამე რაუნდზე, რაც არ არსებობს, იმაზე როგორ მოვლენ, ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ მე გეუბნებით, რომ მოლაპარაკებისთვის და შეთანხმებისთვის ჯერ კიდევ კარი ღიაა.
ჩვენი მხრიდან არსებობს მზადყოფნა დოკუმენტის ხელმოსაწერად. ეს პრინციპული მზადყოფნაა და თუ ოპოზიცია თავის ბოლო გადაწყვეტილებას გადახედავს, ვფიქრობ, ეს მიღწევადია, ეს სჭირდება საზოგადოებას. შეგახსენებთ ერთ მნიშვნელოვან შეფასებას, რომელიც გაკეთდა აშშ-ის სენატში, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებმა პირდაპირ თქვეს – ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, რუსული ინტერესების მსახურებაა და უარი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამსახურზე. დღესაც ეს შეფასება რჩება მოცემულობად. თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური გამოწვევები პანდემიის გამო, მოსაგვარებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები, საგარეო და საშინაო პოლიტიკური თემები, და იმის ნაცვლად, რომ მთელი პოლიტიკური სისტემა, მმართველი ინსტიტუტები იყოს ამაზე ორიენტირებული, ვხედავთ, რომ ოპოზიციის დამსახურებით დღეს ყურადღების ნაწილი არის გადართული ისევ პოლიტიკურ დისკუსიაზე და პოლიტიკურ საუბრებზე. კამათზე, რომელიც არსებობს ელემენტარულ საკითხზე. „ქართული ოცნება“ და ორი ოპოზიციური პარტია დღეს პარლამენტშია და აქ არ შემოდის ოპოზიციის დიდი ნაწილი, ისინი უარს ამბობენ საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, უარს ამბობენ მონაწილეობაზე, რაც დემოკრატიას ეწინააღმდეგება.
აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების ჩაშლა და მისი ბლოკირება ამ მომენტში არის ოპოზიციის მხარეს და მისი პასუხისმგებლობაა ჯერჯერობით. თუ ისინი გადახედავენ პასუხებს, რომლებიც ბოლო დიალოგზე იყო, რა თქმა უნდა, კარი ღია რჩება შეთანხმებისთვის და ეს შეთანხმება არის მიღწევადი“, – განაცხადა თალაკვაძემ.











