სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, დაბა მესტიაში გუშინ აღებული 800-ზე მეტი ნიმუშიდან 600-ის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, 200-ის პასუხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან პირველ არხს განუცხადა.
„რადგან გამოვლენილი ტესტებიდან ერთ-ერთი ინფიცირებული იყო დაბა მესტიის მკვიდრი, ეპიდემიოლოგებთან ერთად, შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, მასშტაბური კვლევები ჩაგვეტარებინა დაბა მესტიაში. აქ მუშაობდა რვა ჯგუფი, დანარჩენები კი მუშაობდნენ სხვა ლოკაციებზე. დღეს აიღეს 500-მდე ნიმუში, რომელთა პასუხები იქნება ხვალ ცნობილი. გუშინ აღებული 800-ზე მეტი პასუხიდან 600-ის პასუხი არის უარყოფითი, დანარჩენს ველოდებით.
რაც შეეხება ადგილზე არსებულ საკარანტინო სივრცეებს, აქ გვაქვს 23 სასტუმრო, რომლებიც გადაკეთდა კარანტინისთვის და განვათავსეთ 600-ზე მეტი ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ შტაბი მუშაობს გამართულად და ყველა სახელმწიფო რგოლი კოორდინირებულად ჩართულია პროცესში. მესტიაში არ გვაქვს სასურსათო და მედიკამენტების დეფიციტი. ჩაკეტილ ზონაში უპრობლემოდ გადაადგილდება სადისტრიბუციო მანქანები“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.











