ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ამბობს, რომ რუკაზე, რომელიც არსებობს, დავით გარეჯის საკითხზე ლაპარაკი არ არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ვინმე რუკას გამოაქვეყნებს.
„ვის უნახავს პირადად ის რუკა. ნახეთ ეს რუკა. გარეჯზე საერთოდ არ არის კითხვა ამ რუკაზე. ყველა რუკა, რომელიც არსებობს, არსად არ არის გარეჯაზე ლაპარაკი. არის დემარაკაციის საკითხი, ტერიტორიის გადაწევა-გადმოწევა. მე თავად ვიყავი ამის მომსწრე. 2000 წელს მე ვიყავი ბოდბის ეპისკოპოსი. ჩვენს ეპარქიას ჰქონდა ფერმა (ეს დავით გარეჯს არ ეხება), ეს ფერმა სამჯერ გადავიდა და გადმოვიდა ხელში. თუ შეიძლება ვინმემ გამოაქვეყნოს ეს რუკა, პროკურატურამ რომ გამოაქვეყნა ვიცი, მაგრამ არავის არ აქვს ნანახი, მე ეს ვიცი იმისგან, ვისაც ნანახი აქვს.
დაუსაბუთებელი ბრალდებით მხოლოდ ყურმოკვრით ადამიანს დადო ბრალი სამშობლოს ღალატში, ეს არის ძალიან არასწორი საქციელი. დასაბუთებელი ბრალდების გარეშე, ეს არის ცილისწამება და კრიმინალური დანაშაული“,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე საზღვრების დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და კომისიის ყოფილი წევრი დააკავა. კერძოდ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მლაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.











