ჭყონდიდელ ეპისკოპოსს მეუფე სტეფანეს შერიგება მხოლოდ მონანიების და აღსარების გზით ესახება.
ამის შესახებ მან სოფელ დიდ ჭყონში წმ. ნიკოლოზის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
სასულიერო პირის თქმით, ეშმაკსა და ღმერთს შორის შერიგება წარმოუდგენელია და ამისთვის მხოლოდ ერთი გზა, მონანიება და აღსარება არსებობს.
„ვის შეუძლია წარმოიდგინოს შესაძლებლობა იმის, რომ ვთქვათ, ეშმაკი შეურიგდეს ღმერთს. რაში შევრიგდეთ, რომ ხალხი წავიდეს ჯოჯოხეთში და ამაში მხარი დაუჭირო ეშმაკს? ის არ ნანობს თავის საქციელს. მხოლოდ ერთი რამ არსებობს რითაც შეიძლება შერიგება, ეს არის აღსარება, ეს არის მონანიება და ეს მონანიება არის ცოდვების აღიარება.
ვინც უფალთან არ შერიგდება, იმასთან შერიგება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ბოროტსა და კეთილს შორის შერიგება არ არსებობს. ვინც კეთილიდან ბოროტში გადავა,ის არ არის შერიგება, ის არის გარიგება, იმიტომ, რომ იმას რაღაც მიზნები ამოძრავებს. ღვთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში ვერცერთი ძალა ვერ გაიმარჯვებს, – თქვა მეუფე სტეფანემ.
ავტორი: თეა შონია











