სიმართლე გითხრათ, ყველაფერს ველოდი მამუკა ხაზარაძისგან და „ლელოსგან“, ოღონდ მევახშეობა და ბანკები აიკრძალოს, ეს რომ წავიკითხე, ყურებს და თვალებს არ ვუჯერებდი,- ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას.
მისივე თქმით, ეს ინიციატივა კლასიკური პოპულიზმია.
„გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და ყველამ რაღაცები უნდა თქვას, ზოგ შემთხვევაში უცნაურიც, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო. ეს არის ზუსტად პოპულიზმი. ეს არის კლასიკური პოპულიზმი და ღმერთი რჯული მე რომ მაბრალებენ ხოლმე, პოპულისტი ხარო. ამ ყველაფრის მერე, რაც ისმის წინასაარჩევნოდ, იმათ ფონზე როგორ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ელისაშვილია პოპულისტი. ზოგი აიტი ქალაქებს პირდება, ზოგი 600 ათას სამუშაო ადგილს. აგერ მევახშეობა აიკრძალოსო, ბანკირები იძახიან და მათ ფონზე, ჩემი აზრით, ნამდვილად ყველაზე არაპოპულისტი ვარ. კარგი იქნება, თუ რეალურ რაღაცებს ილაპარაკებენ, რომ თავი უხერხულში არ ჩაიგდონ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოში მევახშეობა კანონით დასჯადი გახდეს.










