“ამ კანონს ჰქვია შიში. პროტესტი ადმინისტრაციული წესით, ჯარიმებით, არანაირად და ვერანაირად ვერ ჩაიხშობა”, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ის გამოეხმაურა შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომლის მიხედვით, მმართველი პარტიის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო საელჩო იმედგაცრუებულია.
„ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ დაკარგა რეალობის აღქმა. ამ კანონს ჰქვია შიში. მათ ეშინიათ, რომ პროტესტი რამენაირად დასაჯონ. პროტესტი ადმინისტრაციული წესით, ჯარიმებით, არანაირად და ვერანაირად ვერ ჩაიხშობა. ადამიანებს მიენიჭათ იმის უფლება, რომ თავისუფლად გამოთქვან წინააღმდეგობა და პროტესტი კანონის ფარგლებში.
იმისათვის, რომ ვინმემ ზედმეტად დაიყვიროს და ამისათვის ფინანსურად დააჯარიმონ ან სხვა სანქცია დაადონ, ეს სიტუაციას ვერ გამოასწორებს. თუ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის აშენება გვინდა, ასეთი კანონები არის წარმოუდგენელი. შესაბამისად, შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება არის ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ ევროპულ გზას და თავისუფლებს გზას „ქართული ოცნება“ არ ადგას“,- განაცხადა ხაზარაძემ.









