“დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შეხვედრაზე ველოდებოდით, შემოვიდა ბადრაგის თანამშრომელი და კარები გადაკეტა, ძალიან დასუსტებულია მიხეილ სააკაშვილი და ღია კარში უფრო ბუნებრივი და გასაგები იქნებოდა ჩვენი საუბარი, თუმცა მათ განაცხადეს, რომ ასეთი დავალება აქვთ მიღებული და დავალებას ასრულებენ”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისას განაცხადა.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოიყურებოდა უაღრესად სუსტად, გადაადგილებისას ბადრაგის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ და საუბრისას იყო ძალიან სუსტად. შუაღამისას მიადგა ძალიან ბევრი ფორმიანი თანამშრომელი, უთხრეს, უნდა წაგიყვანოთ რუსთავის მე-12 დაწესებულებაშიო.
რაც ძალიან საყურადღებოა, როდესაც გადმოჰყავდათ და როდესაც წამოიჭრა საკითხი, მიხეილ სააკაშვილი ცუდად რომ გახდეს, რა უნდა ქნან, პასუხი იყო, რომ მე-18 დაწესებულებაში მიიყვანდნენ ანუ ეს არის წამების გაგრძელება.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი თვალით ვნახეთ, ჩვენი ყურით ვისმინეთ, როგორ ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობდნენ მიხეილ სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში, როგორი ფიზიკური ძალადობა განხორციელდა მის წინააღმდეგ და ამის ირგვლივ მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება, რის გამოც სამსახურს ხურავენ და ამ დროს, ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ეუბნებიან, თუ რაღაც დამძიმდა, მეთვრამეტე დაწესებულებაში გადაგიყვანენო. ეს არის წამების გაგრძელება.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიღებული გადაწყვეტილება გაწერის თაობაზე არის, რა თქმა უნდა, არა სამედიცინო, არამედ პოლიტიკური, პროპაგანდისტული გადაწყვეტილებები. ეს გაკეთებულია საიმისოდ, რომ გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის წამება და ეს არის ხელისუფლების ნარატივი, რომ ახალ წელს მიხეილ სააკაშვილი უნდა შეხვდეს მე-12 დაწესებულებაში.
ჩვენ ველოდებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვიზიტებს და იმედია, შეფერხება არ ექნებათ, როგორც გორის ჰოსპიტალში ბოლო დღეებში ფაქტობრივად, აკრძალეს მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტები და ვნახოთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებები ამ ნაწილში,“ – განაცხადა ბასილაიამ.









