მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის სტეფანე კალაიჯიშვილის განცხადებით, თუკი ე.წ. „ამბოხში“ მონაწილე უფლებამოსილება შეჩერებული სამღვდელო პირები, მას შენდობას სთხოვენ, შესაძლოა მათი საკითხი მშვიდად მოგვარდეს. ამის შესახებ მან წაჩხურის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მარტვილის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები დადგმული სცენარია. მაღალი იერარქი კონკრეტულ ტელევიზიებს კონკრეტული დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს.
„ღმერთმა ისე ინება რომ დღეისათვის ის ამბოხი დაცხრა, რომელიც იყო და ღმერთმა ისე ინება რომ ესეთი დაპირისპირება ეკლესიის წინააღმდეგ არავინ მოიმოქმედოს და უბრალოდ თუ ვინმეს რამე კითხვები აქვს, ეს ყველაფერი შეიძლება კანონიკურ სივრცეში გაკეთდეს და უპრობლემოდ ხდება ეს ყველაფერი და თვითონ ის მოქმედებები, რომელიც იწვევს შფოთს უნდა დასრულდეს.
არც არავინ ამბობს უარს საუბარზე, არც მე არ ვიტყვი არაოდეს საუბარზე უარს უბრალოდ არ მათქმევინებდნენ რაც უნდა მეთქვა. არცერთი ჩემი ქმედება არ იყო აგრესიული. შემდეგ იყო კრება მოვიწვიე. ეს იყო გაცნობითი შეხვედრა. ძალიან ბევრი საკითხი იყო, რომელზეც უნდა გვესაუბრა. იმ კრებაზე ნაწილი მოვიდა თვითნებურად, გააფართოვა თავისი აზრები. მათ მოიყვანეს ხალხი. მერე რაც მოხდა ვიხილეთ. დესტრუქცია რომ დაიწყეს, დავიწყე გალობა. თავიდან ვერც მივხვდი რაც მოხდა. ჩემი იქ ჩასვლა გამოიწვევდა უფრო მეტ აღელვებას და ჩემს მიერ აგრესიას. ეს მომზადებული იყო ჩემს წინააღმდეგ.
იმათთვისაც ვგალობდი. ეს გალობა ლოცვა იყო. მადლობა ღმერთს ყველაფერი მშვიდად დასრულდა. მერე მოხდა ბალდაში წირვა ჩავატარე, წირვის შემდეგ მთხოვეს ვისაუბროთ და ტელევიზიები ისევ მიკერძოებულები იყვნენ თავიდან ბოლომდე.
ეს სცენარია დადგმული რომლითაც უნდა გრძელდებოდეს ეს სპექტაკლი – მძიმედ დაავადდა ამის გამო მორჩილი მარიამი. სინამდვილეში კოვიდი აქვს რამდენადაც მე გავიგე . წვიმის გამო არ დაავადებულა. აქციაზე ერთმანეთს გადასდეს. ასე რომ ვისაც როგორ უნდა ისე აშუქებს. ხალხი შეცდომაში შედის და ვგონიათ რომ მათ ვინმე დასდევს. ჩვენ გვინდა კარგად ვიყოთ და მშვიდად ვიყოთ. თუ რამე გასარკვევია ეკლესიურ ჩარჩოებში გავარკვიოთ. მათი მხრიდან დასაფასებელია, რომ ამბოხით არ აგრძელებენ ცხოვრებას და ცდილობენ კანონიკურ ჩარჩოებში ჩაჯდნენ და იარონ ნორმალური გზით რაც ეკლესიას შეშვენის. ვისაც უნდა მოვიდეს ჩემთან კამერების გარეშე და დავილაპარაკებთ და ყველაფერს წყნარად ვეტყვი.
ვისაც კამერებით უნდა ჩემთან ლაპარაკი- ტელევიზიებს აქვთ დავალება რომ იყვნენ მიკერძოებულები. გამოგვიცხადეს კამერების ომი. ჩვენც გვაქ საშუალება გადავიღოთ რეალურად რაც ხდება, ჩემი შეცდომები არის ტერმინოლოგიური ხასიათის რაც ემოციით აიხსნება და ამიტომ შენდობა მივითხოვე.
სასულიერო პირებს შეუძლიათ რომ თემთან მოვიდნენ და დააფიქრისონ, შენდობა ითხოვონ რომ არ მიიღებენ მონაწილეობა ამბოხში და შეიძლება მშვიდობიანად მოგვარდეს საკითხი- განაცხადა მიტროპოლიტმა.
შეგახსენებთ, მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერა, ასევე წინამძღვრობიდან გადააყენა დედა სოსანა ბოლქვაძე.
ავტორი: თეა შონია










