„მიუხედავად იმისა, რომ მე და ნიკა მელია შევრიგდით და გავერკვიეთ, ეს არ აისახება „ნაციონალურ მოძრაობაზე“, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ელისაშვილი ამბობს, მას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აზრი არ შეუცვლია.
„ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ და „ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირ გაერთიანებებში და საერთო გეგმებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს თუ უნდოდათ, ცოტა წინ გაეხედათ და ნუ იქნებოდნენ ისეთი მოკლემხედველები, როგორებიც იყვნენ. ჩვენ ვეუბნეოდით ზუსტად ამას, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან წამოვიღოთ მაქსიმუმი, შევიდეთ პარლამენტში და იქ დავანთოთ ცეცხლი, დავორგანიზდეთ თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე, საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე და დავამარცხოთ „ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში-თქო.
ყური არ გვიგდეს, მაგრამ ახლა იგივე ხდება და იგივე ხდება უკუღმა, ვართ დაშლილი ოპოზიცია, ვლანძღავთ ერთმანეთს და რა ნამუსით უნდა გვთხოვონ რომელიმე კანდიდატს მხარი დავუჭიროთ, მათ როგორ უნდა გვთხოვონ, ვინც 6 თვე გვლანძღავდნენ. არ არის ეს ბრაზი, ამ ხალხმა უნდა იცოდნენ ელემენტარული გათვლები და ის, რომ პოლიტიკაში ჩვენთვის ყველაფერი არ მოსულა“, – განაცხადა ელისაშვილმა.











