აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარაში ბოლო კვირაში შექმნილ ეპიდსიტუაციას აფასებს. როგორც იგი ამბობს, ამ დროის განამვლობაში ყველაფერი გაკეთდა, რომ აჭარაში სიტუაცია დასტაბილურებულიყო. მან ყურადღება პოლიტიკურ პარტიებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ რიგირ პოლიტიკოსები აგიტაციისგან თავს მაინც ვერ იკავებენ.
„ბოლო კვირეების განმავლობაში მაქსიმალურად შევძელით, რომ ეპიდვითარება დაგვესტაბილურებინა რეგიონში, ცენტრალური მნიშვნელობის სამუშაო ჯანდაცვის სამინისტრომ გასწია და შესაბამისად, სისტემატურად სრულად არის დალაგებული, როგორც პაციენტების მართვა ოჯახზე და ასევე სტაციონარში.
ჩვენთან პირველად – პილოტურად აჭარაში კოვიდსასტუმროები ამოქმედდა. ყველა პაციენტს, რომელსაც ესაჭიროება, ძირითადი სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომი აქვს.ტრანსპორტი გავხსენით და შესაბამისად მობილობა გაიზარდა, ასევე პოლიტიკური პროცესია და ქვეყანაში ძალიან მალე არჩევნები გაიმართება.
წინასაარჩევნო პერიოდში, რიგი საარჩევნო აგიტაციიდან გამომდინარე, რიგი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ვერ იკავებენ თავს იმ მოწოდებებისგან და რეკომენდაციებისგან, რაც ეპიდემიოლოგებისგან გვაქვს. მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო, ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ, ჩვენი მოქალაქეების განსაკუთრებით ჩვენი ბათუმელების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები, რომელიც გვაქვს და შეკრებებიც ამ წესების დაცვით გააკეთონ. ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობით, ერთობლიობითა და წესების დაცვით, აუცილებლად შევძლებთ ვითარების სტაბილურად მართვას მომავალშიც“,- აღნიშნა მან.
თორნიკე რიჟვაძის განმარტებითვე, აჭარაში პანდემიის მიუხედავად ეკონომიკური პროექტები არ გაჩერებულა და ბიუჯეტიც ჩვეულ რეჟიმში დაიგეგმა.
„მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ეკონომიკურმა გუნდმა მოახერხა და დაიგეგმა ბიუჯეტი 3,2 მეათედი ზრდით, რეალურად ეს ნიშნავს, რომ არცერთი პროექტი, არცერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი არ გაჩერდება.იცით, რომ გარკვეული ვალდებულებები გვქონდა აღებული კულტურისა და განათლების სფეროში მოღვაწე მუშაკების ხელფასების ზრდის ნაწილში, შესაბამისად, არც ეს ვალდებულებები იქნება გადავადებული, შესაბამისად ამ წლის ბიუჯეტში შესრულდება.
დიდი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც იყო დაგეგმილი შეუფერხებლად განხორციელდება, მუნიციპალური კუთხით კაპიტალური ტრანსფერები გვაქვს გათვალისწინებული. ბიუჯეტი 349 მილიონ ლარზე იგეგმება და კაპიტალური ტრანსფერის ნაწილი 75 მილიონი იქნება 6 მუნიციპალიტეტისთვის, რაც მისცემს საშუალებას, რომ მათ შორის ბათუმმა და სხვა მუნიციპალიტეტებმა, არ გადაავადონ კონკრეტული პროექტები.
არც ერთ მუნიციპალიტეტს ბიუჯეტი არ შემცირებია, მათ შორის ხელვაჩაურს დაემატება, რადგან სტიქიურმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, ამიტომ ხელვაჩაურისთვის დამატებით 2 მილიონი ლარი იქნება გათავალისწინებული ტრანსფერის ნაწილში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მზადება-ციტრუსის შტაბი აქტიურად მუშაობს.
ჩვენ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფერმერმა ხურმა თუ მანდარინის რეალიზაცია შეძლოს. სამინისტროს ევალება მათი მხარდაჭერა, ეს იქნება ლოჯისტიკური თუ გასაღების ბაზრების მიმართულებით”,- განაცხადა რიჟვაძემ.











