„დღეს არის გადამწყვეტი დღე და დღეს გამოჩნდება, მოახერხებს თუ არა ქართული პოლიტიკური კლასი, ქვეყანა გამოიყვანოს ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ.
დავით ბაქრაძის თქმით, ძალიან სწრაფად, რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას და რა ტვირთს იღებს იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან.
„მე მივესალმები იმ განცხადების ტონალობას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდა და ასევე მივესალმები, რომ მათი მხრიდან მოიხსნა ხელოვნური წითელი ხაზები, რომლებსაც ატარებდნენ მთელ რიგ საკითხებთან, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, მაგრამ შეხვედრა გამოაჩენს, არის ეს რიტორიკა სიყტყვები სიტყვებისთვის, თუ ეს ეს გამოიხატება მზადყოფნაში კონკრეტული კომპრომისის და შეთანხმებისთვის.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რიტორიკა და ეს განცხადებები მოლაპარაკებების დროს, მათ პოზიციაში აისახება და ჩვენ, ჩვენი მხრიდან მზად ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის; იმისთვის, რომ მაქსიმუმი დავდოთ მოლაპარაკებების მაგიდაზე, რათა შედეგი დადგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.
ასე რომ, ძალიან სწრაფად, რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას და რა ტვირთს იღებს იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია. ის ხელსიუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას მართავს და მთავარ პოლიტიკურ პროცესში მედიატორის როლს ასრულებს.








