დღეს ბათუმში მდებარე კლუბ „რეფორმერ ფიტნესის“ ორგანიზებით არსებული შეზღუდვების სრულად გაუქმების, ეკონომიკური აქტივობების დაუყოვნებლივ აღდგენისა და ნორმალური ადამიანური ცხოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, შეზღუდვებით ფეხქვეშ ითელება ადამიანის უფლებები და მოქალაქეები უკიდურესი სიღარიბისთვის არიან განწირულები.
აქციის ორგანიზატორებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, პროტესტს შემოუერთდნენ სხვა ქალაქებიდან (ან ისინი ვისაც აქციაზე მოსვლა არ სურს) სხვადასხვა ფორმით, მაგალითად: – გახსნან საკუთარი მაღაზიები, კაფე-ბარები, რესტორნები, ფიტნესკლუბები, დადგნენ შესასვლელთან საკუთარ თანამშრომლებთან და მეგობრებთან ერთად, ჩართონ ლაივები და მოითხოვონ მუშაობის უფლება.
შეიკრიბონ მეგობრები და მოაწყონ ქუჩაში პირბადის გარეშე მსვლელობა, გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, თუ დაააჯარიმებენ, გაასაჩივრონ. დაეკონტაქტონ მეზობლებს, უბნელებს, გამოვიდნენ საკუთარი სახლების წინ და დაარღვიონ კომენდანტის საათი.
„დღეს არ არსებობს საქართველოში საღი აზრის მქონე ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს დადებითად უყურებს. ეს არის სიგიჟე. ჩვენ გვიყურებენ როგორც ცხვრებს. დღეს ვითხოვთ, რომ მოიხსნას ყველა შეზღუდვა, ადამიანებს მიეცეთ ეკონომიკური საქმიანობის საშუალება. მოიხსნას კომენდანტის საათი და ყველა სულელური შეზღუდვა და გაუაზრებელი რეგულაცია. დღეს ჩვენი მიზანი არის, რომ ადამიანებს ვაჩვენოთ, არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება და ვისაც პროტესტის გრძნობა აქვთ, იმათ მოვუხსნათ კომპლექსი და მივცეთ ადამიანებს ბიძგი. დაიწყოს პროცესი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ნეხვიდან ამოვიდეთ. პირველ თებერვალს აუცილებლად გავხსნი მე პირადად ფიტნესკლუბს, იქნება ნებართვა თუ არა“, განაცხადა „რეფორმერფიტნესის“ დირექტორმა გიორგი ფუტკარაძემ.
შეგახსენებთ, რეგულაციების მიუხედავად „რეფორმერფიტნესი“ ჩვეულ. რეჟიმში მუშაობდა. ის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. მაშინ ზურა გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კლუბს საცხოვრებელ ბინად ქირაობდა და შენობას ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ სავარჯიშოდ დაუთმობდა. კლუბი პოლიციამ დალუქა. მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











