ლევილის მამულში რეაბილიტაციის პირველი ფაზის წარმატებული დასრულების შემდეგ, სამომავლო პროექტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაცვლად კულტურის სამინისტრო უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ლევილში, ამ ქართულ მამულში ჩვენ აღვნიშნავთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებულ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს და ამ პირველი ფაზის წარმატებით დაგვირგვინებას. მას შემდეგ, რაც 2016 წელს მამული დაუბრუნდა საქართველოს, ჩვენი მთავრობის და ასევე სხვადასხვა უწყების წარმატებული ჩართულობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველი ფაზა მიიყვანა წარმატებამდე. ამ ფაზის შემდეგ უკვე ლევილის მამულის სამომავლო პროექტის მართვა გადმოდის კულტურის სამინისტროში და რა თქმა უნდა, ჩვენი ვიზრუნებთ იმაზე, რომ სწორედ ასეთი წარმატებით განხორციელდეს ამ პროექტის ყველა სხვა ეტაპიც. იმ ოჯახების მიერ, რომლებმაც გადმოსცეს საქართველოს მამული, მიცემული გვქონდა 10-წლიანი პერიოდი, შესაბამისად, ჩვენ მომდევნო ოთხ-ხუთ წელიწადში საბოლოოდ უნდა შევქმნათ საფრანგეთის ამ ქართულ მამულში კულტურისა და ისტორიის კერა“, – აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის შემადგენლობით, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში „ლევილის ქართველთა მამულში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის დასასრულის საინაუგურაციო ღონისძიებას დაესწრო.










