მონღოლეთში 15 წლის ბიჭი ბუბონური შავი ჭირისგან დაიღუპა. ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
ბიჭი იშვიათი ბაქტერიული დაავადების დიაგნოზით მას შემდეგ მკურნალობდა, რაც ვირზაზუნა შეჭამა.
მონღოლეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 ადამიანი, რომელთანაც დაავადებულს კონტაქტი ჰქონდა კარანტინშია გადაყვანილი. 15 ადამიანი კი ანტიბიოტიკებით მკურნალობას გადის.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩინეთში, შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ბაიანურში შავი ჭირის შემთხვევების დაფიქსირების გამო, მესამე დონის განგაშია გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დროებით იკრძალება იმ ცხოველებზე ნადირობა და საკვებად გამოყენება, რომლებიც შესაძლოა, შავი ჭირის მატარებლები იყვნენ.
ცნობისთვის, შავი ჭირი, იგივე შავი სიკვდილი, კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემიაა, რომელსაც შუა საუკუნეებში ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ემსხვერპლა – დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი. მისი გამომწვევია ბაქტერია Yersinia pestis, რომელიც რწყილების ან დაინფიცირებული ცხოველების ნაკბენით გადაეცემა ადამიანს.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – რა არის ბუბონური შავი ჭირი – ყველაფერი ინფექციაზე, რომელსაც შავ სიკვდილს უწოდებენ











